Guria | Гурия | გურია
Slogan

 

 

გურია


ერკეთის ეკლესია

 

ერკეთის ეკლესია — IX საუკუნის ეკლესია მდებარეობს სოფელ ზემო ერკეთში, ჩოხატაურიდან 8 კმ დაშორებით. აგებულია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზე. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ერთნავიანი, გვერდებიდან დამხმარე სათავსოებით. ეკლესიის მოცულობითი ფორმები სიგრძივ ღერძზეა განლაგებული და ბოლოვდება ერთიანი ვრცელი აბსიდით. ეკლესია რამდენჯერმეა გადაკეთებული, რის გამოც გართულებულა კონქისთვის ფორმის შენარჩუნება და იგი თითქმის სწორხაზოვნად მთავრდება. ფასადების მორთულობა ძუნწია. ორივე შესასვლელის თავზე ნახევარწრიულ ტიმპანში მოთავსებულია მარტივი ჯვარი, დასავლეთის კარებთან შემორჩენილია ვაზის ორნამენტაციის ფრაგმენტი, ხოლო აღმოსავლეთის სარკმელი გარშემოვლებულია ლილვების მარტივი კომპოზიციით. ეკლესიაში შემორჩენილი არის IX საუკუნის კარი და ფრესკები. კედლის მხატვრობა ფრაგმენტულია და საჭიროებს რესტავრაციას. კანკელი შედარებით გვიანდელი პერიოდის რესტავრაციის შედეგია. ზემო ერკეთის მთავარანგელოზთა ეკლესია ამჟამად მოქმედია, ფუნქციონირებს დედათა მონასტერი. ერკეთის ეკლესია განეკუთვნება შემოქმედის ეპარქიას.