ქვემო ქართლი
ბოლნისის სიონის ტაძარი
ბოლნისის სიონის ტაძარი (V საუკუნე) მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით 8 კმ-ში, სოფელ ბოლნისში. ბოლნისის სიონი ერთ-ერთი უდიდესი ბაზილიკათაგანია საქართელოში. VIII საუკუნეში ტაძარზე აღმოსავლეთიდან მცირე სამლოცველო მიაშენეს. დროთა განმავლობაში დაინგრა ჩრდილოეთის თაღებიანი სტოა-გალერეა. სპარსელების შემოსევის შედეგად ტაძარი ძლიერ დაზიანდა, დაზიანება ძირითადად შეეხო კამარებსა და დასავლეთის კედელს, რომელიც XVII საუკუნეში როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის ბრძანებით აღადგინეს. ამ დროს იქნა გაჭრილი დასავლეთის კარიც. ამავე საუკუნის ბოლოს გიორგი XI-ის ბრძანებით ბოლნელმა ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა ეკლესია კვლავ შეაკეთა, მოახატვინა და ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით სამრეკლოც აღმართა. ამის შესახებ გვამცნობს სამრეკლოზე განთავსებული წარწერა. ეს შეკეთებები უმთავრესად აგურით იყო შესრულებული. ტაძრის აშენების ზუსტი თარიღის დადგენა მოხერხდა მის ფასადზე არსებული სამშენებლო წარწერის მეშვეობით. წარწერა გვამცნობს: "შეწევნითა წმიდისა სამებისაითა ოც წლისა პეროზ მეფისა ზე ხიქმნა დაწყებაი ამის ეკლესიისაი და ათოთხმეტ წლისა სემდგომად განეშორა". დღეს წარწერიანი ფილა საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული (ადგილზე კი ასლია ჩასმული).
ქვემო ქართლის მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობები