Samegrelo | Самегрело | სამეგრელო
Slogan


 

 

სამეგრელო


ჭყონდიდის მარტვილთა (წამებულთა) ეკლესია

 

ჭყონდიდის მარტვილთა (წამებულთა) ეკლესია მდებარეობს ქ. მარტვილში. აგებულია VII საუკუნის I ნახევარში. X საუკუნეში, ჭყონდიდის საეპისკოპოსის დაარსების შემდეგ, მარტვილი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი გახდა.

მონასტერში იყო სკრიპტორიუმი. აქ შექმნილ ხელნაწერთა კოლექცია დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში.

მარტვილის ეკლესია ადრეული ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიების ტიპის ნაგებობაა და ძლიერ ჰგავს მცხეთის ჯვარს. თურქ-არაბთა შემოსევებმა ძლიერ დააზიანა იგი, რის გამოც X საუკუნეში ეკლესია საფუძვლიანად გადააკეთა აფხაზთა მეფე გიორგი II-მ (923-957). ამოიყვანეს ახალი გუმბათის ყელი, დაუმატეს გარეთა კედლები, მიაშენეს დასავლეთ ექვტერი. ტაძრის მოხატულობა შესრულებულია XVI-XVII სს-ში ოდიშის მთავრების დაკვეთით. მთავარი ტაძრიდან ჩრდილოეთით, გალავანზე დგას თლილი ქვებით ნაგები მინიატიურული ჯვარგუმბათოვანი „ჩიქვანების“ სამსართულიანი ეკლესია.

ძველ დროში ჭყონდიდი წარმართული რელიგიური და საკულტო კერა იყო. მაღალ ბორცვზე იდგა ბომონი - ჭყონის (მუხის) უზარმაზარი ხე. იგი წარმოადგენდა ნაყოფიერებების, გამრავლებისა და ოჯახის კეთილდღეობის მფარველ კაპუნიას წარმართულ სალოცავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა თაყვანს სცემდა, აქაური ქურუმები - ჭყოინდარები კი ჩვილებს სწირავდნენ. პირველი ეკლესია სწორედ აქ მდებარე მუხის ადგილას აშენებულა ანდრია პირველწოდებულის სახელზე, რომელმაც სამეგრელოში ქრისტიანობა იქადაგა.

საბჭოურ პერიოდში აქ შეწყვეტილი იყო ღვთისმსახურება. მონასტრის ტერიტორიაზე ტურბაზა იყო განთავსებული. რამდენიმე ათეულ წლიანი იძულებით უმოქმედობის შემდეგ მარტვილის მონასტერი 1998 წელს საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღდგა.

2007 წლიდან ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრეს ლოცვა-კურთხევით მარტვილი ისევ სამონასტრო კომპლექსად იქცა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა საპატრიარქო რეზიდენცია, დაარსდა წმ. ანდრია პირველწოდებულის მამათა და წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრები. აშენდა ახალი კარიბჭე და გალავანი. განახლდა ბერ-მონაზვნური ცხოვრება.

 

 

 

 

სამეგრელოს მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობები