Ozurgeti Fine Art Center | Картинная галерея современного изобразительного искусства Озургети
Slogan

 

 

გურიის მუზეუმები


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სახვითი ხელოვნების
ცენტრი – სურათების გალერეა

მისამართი:ოზურგეთი, რუსთაველის ქ. 6
ტელეფონი:(+995 496) 7 45 42
ვიზიტის დრო:ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10.00 – 17.00
დაარსების თარიღი:1989 წელი

 

გურიის რეგიონში არსებულმა შემოქმედებითმა პოტენციალმა განაპირობა ქალაქ ოზურგეთში მხატვართა ერთი ჯგუფის ინიციატივით (ვახტანგ მამეიშვილი, რეზო ჯაში, ბაგრატ ჭკუასელი, ჯემალ მიმინოშვილი, ავთანდილ თავართქილაძე) 1989 წლის 11 ოქტომბერს შექმნილიყო ოზურგეთის სამხატვრო გალერეა.

სამხატვრო გალერეა ქ. ოზურგეთისათვის ეროვნული მოძრაობის მონაპოვარია, და მას ეროვნული თვითმყოფადობისა და კულტურული ფასეულობების პოპულარიზაციის მისია უნდა შეესრულებინა ოზურგეთის სინამდვილეში. მისი ფუნქციონირება თავიდანვე და დღესაც წარმატებით ხორციელდება სახელმწიფოს მიერ. წლების განმავლობაში გალერეა ეწეოდა ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენასა და პოპულარიზაციას, აქვე არსებობდა შემოქმედებითი სახელოსნო. დროთა განმავლობაში გალერეა გახდა გურიის მხარეში მოღვაწე მხატვრების ინტერესის ობიექტი, რის შედეგადაც ის მოიაზრებოდა არა, როგორც მხოლოდ საგამოფენო დარბაზი, არამედ ნელ-ნელა ყალიბდებოდა, როგორც კულტურის ცენტრი.

1991 წლის ტრაგიკული მოვლენების დროს ქ. თბილისში დაიწვა მხატვრის სახლი და არსებული ფონდის ცნობილ ქართველ მხატვართა 40 ფერწერული ტილო შესანახად გადმოგზავნილი იქნა ოზურგეთის გალერეაში, რამაც საფუძველი დაუდო ფონდის შექმნას. წლების მანძილზე ფონდი ივსებოდა ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრებით, შეძენილი და საჩუქრად გადმოცემული ქართველ და უცხოელ მხატვართა შემოქმედების ნიმუშებით.

ამჟამად გალერეაში ფონდირებულია 200-მდე ნამუშევარი (მათ შორის: ლადო გუდიაშვილი, ლადო მალაზონია, გია ბუღაძე, გია გუგიუშვილი, ბესო ბესელია, ცირა კალანდაძე და სხვები). ფონდირების პარალელურად მიმდინარეობს ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების საგაზაფხულო და საშემოდგომო, ნორჩ მხატვართა, ფოტოხელოვანთა და ხალხური რეწვის ოსტატთა რაიონული და რეგიონალური გამოფენები.

2007 წელს ოზურგეთის სამხატვრო გალერეამ გაიარა ხელახალი რეგისტრაცია და დღეს იგი იწოდება არასამეწარმეო, (არაკომერციული) იურიუდიული პირი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი – სურათების გალერეა, რომლის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს წარმოადგენს სახვითი ხელოვნების ყველა გამოვლინების, გამოყენებითი და დაზგური ხელოვნების, ხალხური რეწვის, სამრეწველო გრაფიკის ნიმუშებისა და ფოტონამუშევრების მოძიება, ფონდირება და მათი ექსპოზიცია.

დაარსებიდან დღემდე, 25 წლის განმავლობაში, გალერეაში მოეწყო და ორგანიზაცია გაუკეთდა 300-ზე მეტ გამოფენას (100-მდე პერსონალური, 150 ჯგუფური და 50 გაცვლითი). აღსანიშნავია ოზურგეთის სამხატვრო გალერეის მიერ ორგანიზებული გასვლითი გამოფენები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ:

  • 1990 წელი – გაცვლითი გამოფენა "ბათუმი-ოზურგეთი";
  • 1993 წელი – ქ. მოსკოვი (რუსეთი), ქართული კულტურის ცენტრი "მზიური", ოზურგეთელ მხატვართა გამოფენა;
  • 1999 წელი – ქ. სამსუნი (თურქეთი) გურიის მხატვართა გამოფენა;
  • 2000 წელი – ქ. სტამბული (თურქეთი), ოზურგეთელ მხატვართა გამოფენა;
  • 2001 წელი - ქ. ანკარა (თურქეთი), ოზურგეთელ მხატვართა გამოფენა;
  • 2001 წელი – ქ. თბილისი, გურიის მხატვართა და ხალხური რეწვის ოსტატთა რეგიონალური გამოფენა;
  • 2001 წელი - მხატვართა გაერთიანება "არქივარიუსის" წევრთა ჯგუფური გამოფენა "თბილისი-ოზურეგთი";
  • 2003 წელი - ქ. სამსუნი (თურქეთი) გურიის მხატვართა გამოფენა;
  • 2003 წელი – ქ. ფოთი, ოზურგეთელ მხატვართა გამოფენა;
  • 2003 წელი – ქ. თბილისი, კავკასიის საერთაშორისო ბაზრობა, ოზურგეთელ მხატვართა გამოფენა;
  • 2009 წელი – კურორტი გრიგოლეთი, სასტუმრო `ანდამანტი~, ევროპის რეგიონთა I შეხვედრა-სემინარი, გურიის მხატვართა და ხალხური რეწვის ოსტატთა გამოფენა-გაყიდვა;

2001 წელს საქრთველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსში გალერეამ მოიპოვა გრანტი და განახორციელა პროექტი "გალერეა, როგორც თანამედროვე რეგიონალური კულტურის ცენტრი". პროექტის ფარგლებში მოხდა მისი კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა, შეიქმნა რეგიონში მოღვაწე მხატვართა მონაცემთა ბაზა, ნამუშევართა ამსახველი ვებ-საიტი. ამავე წელს გალერეის 10 წლისთავის საიუბილეო ღონისძიებათა ფარგლებში გამოიცა საიუბილეო გაზეთი და ოზურგეთელ მხატვართა ნამუშევრების კატალოგი.

2005 წელს სამხატვრო გალერეა, როგორც პარტნიორი ორგანიზაცია მონაწილეობდა, საქართველოში უკრაინის საელჩოს მიერ დაფინანსებული, გურიაში მცხოვრებ უკრაინელთა ასოციაციის პროექტის "უკრაიინის კულტურის დღეები გურიაში "განხორციელებაში, რომლის ფარგლებში გალერეაში მომზადდა და მოეწყო ნორჩ მხატვრთა ნამუშევრების გამოფენა თემაზე "უკრაინა – ქართველი ბავშვების თვალით". ბავშვთა ნამუშევრები 4 წლის განმავლობაში გამოფენილი იყო უკრაინის საელჩოს შენობაში.

ამჟამად გალერეის მუშაობის თანამედროვე ეტაპზე ყურადღება გამახვილებულია საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებასა და გაღრმავებაზე. 2010 წლის სექტემბერში გალერეის 20 წლის საიუბილეო ღონისძიებათა ფარგლებში დაიგეგმა საერთაშორისო სიმპოზიუმი "კულტურის რეგიონალური პოლიტიკა" ორგანიზაცია და ჩატარება. სიმპოზიუმის ფარგლებში დაგეგმილია ადგილობრივ და უცხოელ მხატვართა და ფოტოხელოვანთა ერთობლივი პლენერების მოწყობა, პერსონალური და ჯგუფური გამოფენები, კულტურის სფეროში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით სამეცნიერო კონფერენციის მოწყობა.

გალერეა მდებარეობს ქ. ოზურგეთის კულტურულ ცენტრში ზ. გამსახურდიას მოედანზე, სახელმწიფო დრამატული თეატრისა და გურიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე. გალერეას უკავია 478 კვ. მეტრის ფართი, მათ შორის სასალონე - 45 კვ.მ, ფონდსაცავი - 12 კვ.მ, სახელოსნო - 60 კვ.მ, საექსპოზიციო - 192კვ.მ, მხატვართა კაფე-კლუბი "ნიკალა" - 97 კვ.მ, ადმინისტრაციული ფართი - 72 კვ.მ.

ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრი – სურათების გალერეის დირექტორია მხატვარ – გრაფიკოსი ავთანდილ თავართქილაძე.