Museum of Rustaveli State Academic Theatre | Музей государственного драматического театра им. Ш. Руставели | თბილისის მუზეუმები
Slogan

 

 

თბილისის მუზეუმები


რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური
თეატრის მუზეუმი

მისამართი:რუსთაველის გამზირი 17
ტელეფონი:298 40 51
ვიზიტის დრო:11.00 - 18.00 (კვირა-ორშაბათის გარდა)
დაარსების თარიღი:1932 წელი

 

რუსთაველის თეატრის მუზეუმი ოფიციალურად 1932 წელს ალექსანდრე ახმეტელის მხარდაჭერით დაარსდა, მისი პირველი გამგე და სულისჩამდგმელი თეატრის მსახიობი და ლიტერატურული ნაწილის გამგე ია ქანთარია გახლდათ. იგი წლების განმავლობაში აგროვებდა იმ ისტორიულ მასალას, რომლის საფუძველზე შეიქმნა და შეივსო მუზეუმის ფონდები:

ხელნაწერთა განყოფილება – 8 ათასი ერთეული (აკაკი წერეთლის ხელნაწერი პიესისა "გელა", სანდრო ახმეტელის სპექტაკლების სარეპეტიციო ჩანაწერები არჩილ ჩხარტიშვილის მიერ).

ფოტო - ფონო განყოფილება – 35 ათასი ერთეული (მარლენ ბაბოვის, იური მეჩიტოვის და მედეა ოქიტაშვილის მიერ გადაღებული 16 ათასი ფოტო – ნეგატივი ასახავს რუსთაველის თეატრის მნიშვნელოვან შემოქმედებით მოვლენებს: პრემიერებს, გასტროლებს, შეხვედრებს, საღამოებს, გამოფენებს, დისკუსიებსა და სპექტაკლების საიუბილეო თარიღებს).

სახვითი განყოფილება – 3 ათასი ერთეული (ვალერიან სიდამონ-ერისთავის, ირაკლი გამრეკელის, სერგო ქობულაძის, სოლიკო ვირსალაძის, გიორგი ალექსი-მესხიშვილის, მირიან შველიძის, თეიმურაზ ნინუას კოსტუმებისა და დეკორაციების ესკიზები, მაკეტები).

აუდიო - ვიდეო განყოფილება – სანდრო ახმეტელის სპექტაკლების ("ლამარა", "ანზორ", "ყაჩაღები") ფრაგმენტების ვიდეოჩანაწერები, რუსთაველის თეატრის გასტროლები ლონდონში (1980 წ.) ასევე მიმდინარე რეპერტუარის ვიდეომასალა.

კოსტუმები - სპექტაკლებისა: "ოტელო", "ოიდიპოს მეფე", "ხანუმა", "რიჩარდ III", "კავკასიური ცარცის წრე", ა. სუმბათაშვილ – იუჟინის უნიკალური თეატრალური სამოსი.

სარეკლამო განყოფილება – აფიშები, პლაკატები და პროგრამები XX ს-ის 20–იანი წლებიდან.

საცნობარო განყოფილება – კატალოგი (რეპერტუარი, გასტროლები, რეჟისორთა, მსახიობთა და მხატვართა დატვირთვა), წიგნადი ფონდის ანბანური კატალოგი.

ბიბლიოთეკა – მდიდარი და მრავალფეროვანია. ფონდში დაცულია 4 000-მდე თანამედროვე და რარიტეტული გამოცემები, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებზე – თეატრის, კინოს, მუსიკის, ხელოვნების, ისტორიის და რელიგიის შესახებ. ბიბლიოთეკაში ინახება პიესები (1500-ზე მეტი), მხატვრული ლიტერატურა – ჰაუპტმანის, ჰეინეს, გოეთეს,შილერის,შექსპირის, მეტერლინკის,მოლიერის რჩეულ ნაწარმოებთა კრებულები, ენციკლოპედიები, ლექსიკონები, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთები. ფონდში ინახება კერძო ბიბლიოთეკების გარკვეული ნაწილი ი. პიტოევის, მ. დარსკის, მ. თამამშევის, ალ. ახმეტელის, აკ. ხორავას, ე. აფხაიძის და სხვათა ავტოგრაფებით.

 

 

 

 

 

 

თბილისის მუზეუმები