Museum of Vano Sarajishvili Tbilisi State Conservatoire | Музей Тбилисской Государственной консерватории им. Вано Сараджишвили | თბილისის მუზეუმები
Slogan

 

 

თბილისის მუზეუმები


ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმი

მისამართი:გრიბოედოვის ქ. 8
ტელეფონი:299 91 49
ვიზიტის დრო:11.00 - 17.00 (შაბათ-კვირის გარდა)
დაარსების თარიღი:1997 წელი

 

კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმ-კაბინეტი შეიქმნა 1997 წლის მაისში. მის ფონდებში დაცულია ქართული მუსიკალური კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები, გამოჩენილი მუსიკოსების მიერ დატოვებული მემკვიდრეობა, მუზეუმი მდიდარია ორსაუკუნოვანი სიძველის უნიკალური ექსპონატებით, რომელთა კუთვნილების პერიოდი მოიცავს ეპოქას XIX საუკუნის II ნახევრიდან დღემდე.

1850 წლით დათარიღებული აფიშები, პროგრამები, ფასდაუდებელი ხელნაწერები, კედლის ფაიფურის სამშვენისები, ქართველ მხატვართა მიერ საოპერო სპექტაკლებისათვის შექმნილი ესკიზები და ლიბრეტოები; კონსერვატორიის ისტორიის ამსახველი დოკუმენტაცია (კონსერვატორიის სამხატვრო საბჭოს 1917-1919 წლების ოქმები), ავტოგრაფები, ცალკეული და ჯგუფური ფოტოები, მათ შორის: ზ. ფალიაშვილი, ვ. სარაჯიშვილი, დ. არაყიშვილი, ა. ვირსალაძე, კ. ალიხანოვი, ფ. კესნერი, ა. თულაშვილი, ა. რუბინშტეინი, ლ. ტრუსკოვსკი, ვ. ჰოროვეცი, ა. და ვ. ლევინები, დ. ანდღულაძე და სხვ. სახელგანთქმული მუსიკოსების პირადი ნივთები, მათ შორის: მ. გლინკას, პ. ჩაიკოვსკის, თ. შალიაპინის, ი. ჰოფმანის, ტ. დიუბუას, ს. რახმანინოვის, გალსტონის ავტოგრაფები. თითოეული ექსპონატის ისტორია ქართული მუსიკალური კულტურის ღირშესანიშნავ ფაქტს უკავშირდება, რომელთა მიღმაც თვით ქვეყნის ცხოვრება ჩანს. კაბინეტში დაცული მასალა ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ იქცა თბილისი არა მხოლოდ კავკასიის, არამედ მთელი რუსეთის იმპერიის მასშტაბითაც მოწინავე კულტურულ ცენტრად, სადაც მოღვაწეობას ან საგასტროლოდ ჩამოსვლას პატივად მიიჩნევდნენ იტალიური და რუსული საოპერო, თუ საბალეტო დასები, საუკეთესო კომპოზიტორები თუ პედაგოგ-შემსრულებლები.

კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმ-კაბინეტის ექსპოზიციას ამშვენებს ამერიკული "კარპენტერის" ფირმის ფისჰარმონიები; ს.რახმანინოვის პირადი "Bechstein"-ის ფირმის როიალი, რომელიც 1912 წლის საკონცერტო ტურნეს შემდეგ დაუტოვებია დიდ რუს კომპოზიტორს. ცნობილი პიანისტის რუდოლფ კერერის პედაგოგის, პროფესორ ანა თულაშვილის რეკომენდაციით, 1925 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ როიალი კერძო პირისაგან შეიძინა.

1999-2005 წლებში გაიზარდა სამუზეუმო ექსპონატებისა და, შესაბამისად, საფონდო მასალის რაოდენობა. კონსერვატორიის მეგობრების მხარდაჭერით ჩატარდა სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები, შეიქმნა საექსპოზიციო სივრცე, განხორციელდა უნიკალური მუსიკალური ინსტრუმენტების აღდგენა.

აქ ტრადიციულად ტარდება კონსერვატორიაში მოღვაწე მუსიკოსების, ღვაწლმოსილი პედაგოგების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული მოძრავი და სტაციონარული ექსპოზიციები, იმართება კონფერენციები, თემატურად მრავალფეროვანი კამერული, შემოქმედებითი საღამოები სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების და უცხოელი მუსიკოსების მონაწილეობით.

 

 

 

 

 

 

თბილისის მუზეუმები