Georgian National Museum. D. Shevardnadze National Gallery | Национальная галерея им. Д. Шеварднадзе | თბილისის მუზეუმები
Slogan

 

 

თბილისის მუზეუმები


საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა

მისამართი:შოთა რუსთაველის გამზირი 11
ტელეფონი:215 73 00
ვიზიტის დრო:10.00 - 18.00 (ორშაბათის გარდა)
დაარსების თარიღი:1917 წელი

 

ეროვნული გალერეის არსებობის ისტორია თითქმის საუკუნეს ითვლის. მისი დაარსება ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მხატვრის დიმიტრი შევარდნაძის სახელს უკავშირდება. ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა 1920 წლით თარიღდება. ამ დროიდან ეროვნული გალერეა ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების საქმეს ემსახურება.

შენობა, რომელშიც ის არის განთავსებული, 1888 წელს რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებით აიგო და მასში რუსეთის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი, ე.წ. დიდების ტაძარი, დაარსდა. მუზეუმს რუსეთის იმპერიის ძლევამოსილება უნდა წარმოეჩინა და რუსული იარაღის ძლიერებისა და დიდების სიმბოლო უნდა გამხდარიყო. მან პირველ მსოფლიო ომამდე იარსება. დიდების ტაძრის ექსპოზიციის ევაკუაცია მოხდა პირველი მსოფლიო ომის დროს, რითაც სამხედრო-ისტორიულმა მუზეუმმა არსებობა შეწყვიტა. მასთან ერთად დაიხურა ამ შენობის ისტორიის ერთი ფურცელი.

ეროვნული გალერეის პირველი ექსპოზიცია 1920 წლის ოქტომბერში შედგა. გალერეის საგამოფენო პოლიტიკა პირველივე წლებში გამოიკვეთა: ქართული და არაქართული, ძველი და ახალი პერიოდების სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ანუ, რაც ფასეული შექმნილა ან მოხვედრილა საქართველოს ტერიტორიაზე. ექსპოზიციის მოწყობას უძღოდა მიზანდასახული შრომა ნამუშევართა მოსაპოვებლად. საოცარ ძალისხმევას იჩენს დიმიტრი შევარდნაძე და მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებს ხელოვნების ნიმუშებს. ექსპოზიციაში განთავსდა XVIII-XIX საუკუნეების ქართული პორტრეტული ფერწერა (ე.წ. თბილისური სკოლა), რუსული, დასავლეთ ევროპული, ირანული და თანადროული ქართული მხატვრობა.

გალერეის დაარსებიდან სულ მალე ის ფლობდა რაოდენობრივად და ხარისხობრივად საკმაოდ მნიშვნელოვან ფონდსაცავს რამდენიმე განყოფილებით. ფაქტობრივად, ეროვნულმა გალერეამ, რომლის ძირითად დანიშნულებას თანადროული სახვითი ხელოვნების წარმოჩენა წარმოადგენდა,სახვითი ხელოვნების მუზეუმის ფუნქციაც შეითავსა.

ამასთან, ცხადი გახდა, რომ შენობა არასაკმარისი იყო საგამოფენო საქმის გასაშლელად. გალერეამ მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო თანადროული ხელოვნების გამოფენა. რეალურად, მხატვრები ისევ საგამოფენო სივრცის გარეშე დარჩნენ.

1934 წლიდან ეროვნული გალერეა ხელახლა იწყებს ფუნქციონირებას. ის ხდება სახელმწიფოს კულტურული პოლიტიკის გამტარებელი მთავარი ინსტიტუცია სახვითი ხელოვნების სფეროში. 2007 წელს ეროვნული გალერეა ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა. დაიგეგმა გალერეის შენობის ფართო მასშტაბიანი რეკონსტრუქცია, რომლის შედეგად უცვლელი დარჩა ნაგებობის ცენტრალური ფასადი და საგამოფენო სივრცე. შენობა გაიზარდა ბაღის მხრიდან მიშენების ხარჯზე. რეკონსტრუქციის შედეგად შეიქმნა ახალი საგამოფენო სივრცე.

 

 

 

 

 

 

თბილისის მუზეუმები