Vashlovani National Park | Национальный парк Вашловани
Slogan

დაცული ტერიტორიები


ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები

 

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროს რაიონში, ივრის ზეგანის დაბოლოებაზე, მდინარე იორსა და ალაზანს შორის, ქ. თბილისიდან 160 კმ-ზე. მის შემადგენლობაში შედის ვაშლოვანის ნაკრძალი, ეროვნული პარკი და სამი ბუნების ძეგლი - არწივის ხეობა, ტახტი-თეფას ტალახის ვულკანები და კაკლისყურის ალაზნის ჭალის ტყე. მისი ტერიტორია მოიცავს პანტიშარა-ვაშლოვანის მასივს, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 300 - 600 მეტრს შორის მერყეობს. საკმლის ხის ვაშლის ხესთან ბუნებრივი მსგავსებისა და ხეთა განლაგებიდან, რაც ხეხილის ბაღის ასოციაციას იწვევს, გამომდინარებს სახელწოდება „ვაშლოვანი“.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მცენარეულობა სავანის ტიპისაა. აქ გვხვდება ძალზე იშვიათი საკმლის ხე, არიდული რეგიონების ჭალის (ტუგაის) ტყეები მუხის, ვერხვის, იფანის, ველური ბროწეულის და კალის მონაწილეობით.

ვაშლოვანში რამდენიმე ასეული სახეობის მცენარეა, რომელთა შორის აღსანიშნავია ორქიდეების 7 სახეობა, ქართული ზამბახი, ეიხლერის ტიტა, ველური ვაზი და სხვ. მრავალფეროვანია დაცული ტერიტორიების ფაუნაც, განსაკუთრებით ბევრია სხვადასხვა ფრინველი. აქვე მრავალი გადამფრენი სახეობა „ისვენებს“. მტაცებელი ფრინველებიდან აღსანიშნავია ბექონის არწივი, სვავი, ორბი, ძელქორი და კაკაჩა. ჭალებში მრავლადაა კოლხური ხოხობი. ვაშლოვანის ბედლენდებზე ათასობით მერცხალი ბუდობს და კოლონიებს ქმნის. ამგვარ ადგილებს მერცხლების ქალაქს უწოდებენ. საერთოდ, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები იდეალური ადგილია ფრინველებზე დაკვირვებისთვი.

დაცულ ტერიტორიაზე არაერთი სახეობის ცხოველს შევხვდებით. მათ შორისაა არიდული ადგილებისთვის იშვიათი დათვი. 2003 წლის ბოლოს ვაშლოვანში წინააზიური ჯიქი ანუ ლეოპარდი აღმოაჩინეს, რომელიც მოგვიანებით ვაშლოვანის სიმბოლოდ იქცა.

 


არწივის ხეობა

გამოირჩევა ფრინველთა საბინადრო გარემოთი. აქ შესაძლებელია 60-მდე სახეობის ფრინველის ნახვა, მათ შორის ხეობაში ბუდობს 9 სახეობის მტაცებელი ფრინველი. აგრეთვე ბინადრობს იშვიათი სახეობის კოლხური ხოხობი, შავი ყარყატი და ორბი.


დათვისხევი

დათვისხევის ტერიტორია უხსოვარ დროში ზღვის ფსკერი ყოფილა. ამის დასტურია ქვიშაქვიანი ალესილები, რომლებიც დედამიწის განვითარების ისტორიას უამბობენ მნახველებს. დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს გაშიშვლებულ ქანებზე, დალექილ ფენებში ზღვის მოლუსკების უნაკლოდ შემონახულ ქიტინებს. დათვის ხევში მოგზაურს შეუძლია ნახოს სამხრეთული სპილოს გაქვავებული ბეჭის ძვლის ნაშთი, რომელიც ნახევარი მილიონი წლის წინანდელი გიგანტი ძუძუმწოვრის ზომებზე მეტყველებს.


კაკლის ყურე

კაკლის ყურე წარმოადგენს ნახევარკუნძულის ფორმის მქონე მდინარე ალაზანში შეჭრილ ყურეს. მისი ყელის სიგანე 30-40 მეტრს არ აღემატება, ხოლო ფართობი 204-ჰა-ზე მეტია. სადღეისოდ სრულყოფილად, მხოლოდ ამ ყურეშია შემორჩენილი ალაზნის ხეობისათვის დამახასიათებელი ლეშამბოიანი ჭალის ტყეები, რომელიც ფლორისტულად ძალიან მდიდარია. საქართველოში მხოლოდ ამ ყურეშია კაკლის ბუნებრივი ვრცელი ჰაბიტატი, სადაც გიგანტური იფნების, ჭალის მუხებისა და თელების მხოლოდ ერთეული ეგზემპლარები შემორჩა. სახელწოდება ,,კაკლის ყურეც" აქედან უნდა მომდინარეობდეს.


პანტიშარა

პანტიშარას ხეობაში ყოფნისას თვალში მოგვხდებათ ზღაპრული შეფერილობის კვირიონები და ყაპყაპები. ხეობის ცენტრში კლედეზემერცხლებს საკუთარი ქალაქი აუშენებიათ. გაზაფხულზე აქ ათასობით ფრინველი იბუდებს.


ტახტი-თეფას ტალახის ვულკანები

არაორგანული ბუნების ძეგლი მდებარეობს დალის მთის მახლობლად და განსხვავებულია ყველაფრისგან, რისი ნახვაც შეიძლება საქართველოში. ამ ტალახოვანი ვულკანის ნახვის შემდეგ ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ არათუ სხვა ქვეყანაში, არამედ სხვა პლანეტაზე მოხვდი. ვულკანი არის მოთეთრო, ბრტყელთხემიანი ბორცვი, რომელიც გამუდმებით ფეთქავს და თუხთუხებს. სასუნთქებიდან და კრატერებიდან მუდმივად ინთხევა და ჟონავს სამკურნალო თვისებების მქონე აირი, ნავთობი და ტალახი.


ხორნაბუჯის ციხე

ხორნაბუჯი — შუა საუკუნეების ციხე-ქალაქია. ისტორიული ქართლის სამეფოს ერთ-ერთი პროვინციის კამბეჩოვანის ცენტრი. წყაროებში პირველად იხსენიება V საუკუნეში, როცა აქ მეფე ვახტანგ I გორგასალმა საეპისკოპოსო კათედრალი დააარსა. მანვე ხორნაბუჯი (ჭერემსა და ნეკრესთან ერთად) საუფლისწულოდ მისცა თავის ძეს, დაჩი I უჯარმელს.


ელია ეზბეთელის სახელობის ტაძარი

ელიას მონასტერი - სამხრეთით აღმართულია ორმწვერვალიანი (უნაგირა) მთა. მისი ორივე მწვერვალი თეთრი კირქვის მძლავრი მასივია, რომელთაც გაბატონებული ადგილი უკავიათ დედოფლისწყაროს ზეგანზე და შორიდანვე იქცევენ მნახველის ყურადღებას. ეს არის წმინდა ელიას ცნობილი სამლოცველო, რომელსაც ძველთაგანვე დიდ პატივს სცემდა დედოფლისწყაროს და მთელი ქიზიყის მოსახლეობა. ტაძარი აღდგენილია და ამჟამად მოქმედია.