აჭარის მუზეუმები
აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი
მისამართი:ბათუმი, ჯინჭარაძის ქ. 4
ტელეფონი:(+995 422) 7 11 75, 7 39 46
ვიზიტის დრო:ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10.00 – 17.00
დაარსების თარიღი:1908
ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმი დაარსდა 1908 წ. მასწავლებელთა ჯგუფის ინიციატივითა და ბათუმის საზოგადო მოღვაწეთა თაოსნობით როგორც სასკოლო მუზეუმი. 1908 წ. 19 მარტს (1 აპრილი ახ.სტ.) 28 ხმოსნის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე საქალაქო საბჭომ მოიწონა თავისი გამგეობისა და საფინანსო კომისიის ერთობლივი დასკვნა პუშკინის სახელობის საქალაქო სასწავლებელთან საბავშვო მუზეუმის გახსნის შესახებ, რაც მალე კიდეც შეასრულეს.
მუზეუმი მდებარეობდა ვოზნესენსკისა და ოლღას (ამჟამად მელიქიშვილისა და ვახტანგ გორგასალის) ქუჩების კუთხეში. მუზეუმის გამგედ 1908 წ. 1 ოქტომბრიდან (14 ოქტომბერი ახ.სტ) დაინიშნა პუშკინის სახელობის საქალაქო სასწავლებლის ხელგარჯილობის მასწავლებელი ნიკოლოზ გომანი.
1910 წ. 9 მაისიდან (22 მაისი ახ.სტ) გაფართოების გამო გადაიტანეს საქალაქო საბჭოს შენობის პირველ სართულზე და ერთი ოთახი დაუთმეს. 1912 წ. 15 ოქტომბერს (28 ოქტომბერი ახ.სტ.) საქალაქო საბჭოს დადგენილებით იგი გადააკეთეს საქალაქო მუზეუმად. 1924 წლამდე მუზეუმი შერეული ტიპისა იყო, ხოლო 1925 წლიდან გადააკეთეს აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმად. იმავე წელს გადაიტანეს ყოფილ სამხედრო ტაძარში, სადაც იყო 1930 წლამდე. სინესტის გამო ამ ტაძარში დიდძალი ექსპონატი გაფუჭდა, ამიტომ 1930 წ. 25 იანვრიდან მუზეუმი ხაზინის შენობაში მოათავსეს (გურიის შესახვევი N 4 ამჟამად ჯინჭარაძის ქუჩა) და იგი ახლაც აქ მდებარეობს.
ნიკოლოზ გომანის შემდეგ 1938 წ. თებერვლიდან და 1989 წ. მაისამდე მუზეუმის დირექტორი იყო გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, სამუზეუმო საქმის ამაგდარი ხარიტონ ახვლედიანი. მის სახელთანაა დაკავშირებული მუზეუმის, როგორც სამხარეთმცოდნეო სამეცნიერო- საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარება-განმტკიცება.
1957 წ. მუზეუმის ძველ შენობაზე დაშენდა მე-2 სართული. აჭარის მუზეუმი ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა. აქ დაცულია 180-ათასამდე ექსპონატი: უნიკალური ნივთები, კოლექციები, ფოტოები, ხელოვნების ნიმუშები, მუზეუმის ოქროს საგანძურებში თავმოყრილია ასზე მეტი დასახელების ნივთი.
ხელნაწერთა ფონდში დაცულია 2000-ზე მეტი იშვიათი ხელნაწერი ქართულ, რუსულ, სომხურ, არაბულ, თურქულ, სპარსულ და სხვა ენებზე, მუზეუმის ბიბლიოთეკაში ინახება 63000 წიგნი სხვადასხვა ენებზე. მათ შორის ბევრი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.