Лечебный тур | Treatment tour | სამკურნალო ტური
Slogan
სამკურნალო ტური

საქართველოში არსებობს სამი ტიპის კურორტები – კლიმატური, ბალნეოლოგიური და ტალახით სამკურნალო.

კლიმატური კურორტი შეიძლება იყოს მთის, ზღვის სანაპირო, ტყის და ველის, ხოლო ბალნეოლოგიური კი – სასმელი წყლისა და აბაზანებით სამკურნალო. თუ კურორტზე ერთდროულად არსებობს რამდენიმე ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი, მაშინ ის შერეული პროფილისაა.

საქართველოს კურორტები არის აბასთუმანში, ახტალაში, ბახმაროში, ბორჯომში, ნუნისში, საირმეში, სურამში, ურეკში, შოვში, წყალტუბოში და ა.შ.

 

სასტუმროები

 

  • აბასთუმანი
  • ახტალა
  • ბახმარო
  • ბეშუმი
  • ბორჯომი
  • ლიკანი
  • ნუნისი
  • საირმე
  • სურამი
  • ურეკი
  • წაღვერი
  • წყალტუბო
  • შოვი

აბასთუმანი


მთის კურორტი აბასთუმანი მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე მდინარე ოცხის (ყოფილი აბასთუმანი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1250-1450მ-ზე, ახალციხის რკინიგზის სადგურიდან ჩრდილო დასავლეთისკენ 28 კმ დაშორებით და ბორჯომის რკინიგზის სადგურიდან სამხრეთ დასავლეთისკენ 78 კმ დაშორებით. მთის სუფთა ჰაერით, ზომიერი სიმშრალითა და ძლიერი ქარების ნაკლებობის გამო აბასთუმანი საკმაოდ მიმზიდველია. აქ ზაფხული ზომიერად თბილია, ხოლო ზამთარი - რბილია და მზიანი.

აბასთუმანი შესანიშნავი ადგილია თქვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. მთის ჰაერი კურნავს ფილტვის დაავადებებს, ნაკლებ მინერალიზებული თერმული წყლები კი ნერვულ და კუნთოვანი სისტემების დაავადებებს. სეზონი გრძელდება მთელი წლის განმავლობაში.

კურორტის მახლობლად მდებარეობს აბასთუმნის ობსერვატორია, სადაც თქვენ უნიკალური ტელესკოპის მეშვეობით შეგიძლიათ დაათვალიეროთ ღამის ცა და ესაუბროთ ასტრონომებს.

ახტალა


ახტალა არის ერთადერთი სამკურნალო კურორტი საქართველოში, სადაც მკურნალობენ ტალახით. იგი მდებარეობს ქალაქ გურჯაანში თბილისიდან 122 კმ დაშორებით, ზღვის დონიდან 412 მ-ზე. ახტალაში არის როგორც მოზრდილთა ისე ბავშვთა სანატორიუმები, პოლიკლინიკები და ტალახით სამკურნალო სააბაზანოები.

ტალახი წარმატებით გამოიყენება შემდეგი დაავადებების მკურნალობის დროს:

  • ძვალ-სახსროვანი დაავადებები;
  • პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები;
  • მუცლის ღრუს ნაწიბურების დაავადებები;
  • გინეკოლოგიური დაავადებები, რომლებიც ქალებში იწვევს უშვილობას;
  • პროსტატის ქრონიკული ანთება და მისი ფუნქციების შემცირება მამაკაცებში;
  • კანის დაავადებები- ფსორიაზი, ეგზემა და სხვა.

საუკეთესო სეზონია აპრილი - დეკემბერი.

ბახმარო


მთის კურორტი ბახმარო მდებარეობს ეგრისის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1913-2020 მ, სამტრედიის რკინიგზის სადგურიდან 80 კმ დაშორებით. მთის ფერდობები დაფარულია წიწვოვანი ტყით. ბახმაროში ერთმანეთში შერწყმულია მაღალმთიანი ალპური და ზღვის კლიმატური თვისებები, რომელიც მიზანშეწონილია არატუბერკულოზური ხასიათის რესპირატორული დაავადებების დროს, ასევე ანემიის, ლიმფადენოპათიის და ნევროსტენიის მკურნალობის დროს. აქ ზამთარი ზომიერად რბილია და ახასიათებს დიდთოვლობა. ზაფხული კი ზომიერად მშრალი.

საუკეთესო სეზონია - მაისიდან სექტემბრის ჩათვლით.

ბეშუმი


ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კურორტი აჭარაში - ბეშუმი მდებარეობს ხულოს რაიონში, არსიანის ქედზე, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ მანძილზე. ზღვის დონიდან 1850-1900 მ, ხულოდან 30 კმ დაშორებით. ბეშუმი მდიდარია წიწვოვანი ტყეებით. აქ ზაფხული ზომიერად გრილია, ზამთარი კი ზომიერად რბილი.

მთავარი სამკურნალო ფაქტორია - ეკოლოგიურად სუფთა ჰაერი, მთის კლიმატი, ულტრაიისფერი გამოსხივების მაღალი ინტენსივობა, მინერალური და წყაროს წყლები, მდიდარი ფლორა. აქ მკურნალობენ სასუნთქი გზების ორგანოების არატუბერკულოზურ დაავადებებს, ანემიას და ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებებს.

საუკეთესო სეზონია - ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით.

ბორჯომი


კურორტი ბორჯომი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მტკვრის ხეობაში, ზღვის დონიდან 810-850 მ სიმაღლეზე. იგი დაბალმთიან კურორტთა ჯგუფს მიეკუთვნება. ხეობას თითქმის ყველა მხრიდან ესაზღვრება წიწვოვანი და შერეულ-ფოთლოვანი ტყეებით დაფარული მთები. კურორტის მოსაზღვრე ზოგიერთი მთის სიმაღლე ზღვის დონიდან 3000 მ-ს აღწევს . იმის გამო, რომ ბორჯომი მდებარეობს ხეობაში, იგი დაცულია ძლიერი ატმოსფერული მოვლენებისა და ტემპერატურული ვარდნისაგან და განსხვავდება განსაკუთრებული ბუნებრივი პირობებით: სუფთა მთის ჰაერით, ზომიერი ტემპერატურით როგორც ზაფხულში, ასევე ზამთრის პერიოდში. ზაფხული თბილია, ზამთარი კი ზომიერად რბილი. კრისტალურად სუფთა ჰაერი, რომელიც გაჯერებულია ფიჭვის ტყეებით, განაპირობებს სრულყოფილ დასვენებას.

ბორჯომი ცნობილია მისი სამკურნალო მინერალური წყლებით, რომელიც გამოიყენება როგორც სასმელი წყალი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების, სანაღვლე გზების დაავადებისა და თირკმლის დაავადების მკურნალობისას, ასევე როგორც აბაზანა - სისხლძარღვთა, ნერვული სისტემისა და სუნთქვის ორგანოთა დაავადებების დროს.

სეზონი მთელი წლის განმავლობაშია. ბორჯომის მახლობლად მდებარეობს სხვა კურორტებიც - წაღვერი, ცემი, ლიკანი, პატარა ცემი, ახალდაბა, დაბა, დვირი, მაჯარწყალი, მზეთა-მზე, ტბა, წინუბანი, ციხიჯვარი.

 

ლიკანი


პოპულარული გამაჯანსაღებელი კურორტი ლიკანი მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან. ლიკანი ცნობილია თავისი თერმული წყლებით. სუფთა მთის ჰაერი გაჯერებული წიწვოვანი ტყეებით, განაპირობებს სრულფასოვან დასვენებას. ზამთარი აქ რბილია და ზომიერად თოვლიანი, ზაფხული კი თბილია.

ლიკანის პარკის რეკრეაციულ ზონაში დომინირებს მუხისა და ფიჭვის ხეები. ასევე აქ არსებობს მინერალური წყლები, რომლებიც თავისი შემადგენლობით არის მიახლოებული "ბორჯომ"-ის წყალთან. ლიკანში ასევე არის მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილები - VIII-IX ს-ის სამნავიანი ბაზილიკა და რომანოვების სასახლე (1892-95).

ნუნისი


ბალნეოლოგიური კურორტი ნუნისი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ხარაგაულის რაიონში მდ. ნუნისწყლის ხეობაში, ბორჯომ-ხარაგაულის ნაციონალური პარკის სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 750 მ სიმაღლეზე. ნუნისი ცნობილია სამკურნალო (ბალნეოლოგიური) თვისებების მქონე მინერალური წყლით.

თავისი შემადგენლობითა და სამკურნალო თვისებების გამო, ამ წყალს არ აქვს ანალოგი მსოფლიოში. დასვენება ნუნისში ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს კანის დაავადებები, ასევე ნერვიული აშლილობის ნიადაგზე გამოწვეული დაავადებები. ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. გაზაფხულზე, ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობისას, ადგილობრივ ჰაერს საოცარი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. ამ დროს ნუნისის ჰავა განსაკუთრებით მარგებელია ფილტვებისა და ბრონქებისათვის. დაუვიწყარ დასვენებასა და მკურნალობას განაპირობებს მთის ჰაერი და მიმზიდველი, ლამაზი ბუნება.

სეზონი - მთელი წლის განმავლობაშია.

საირმე


ბალნეოლოგიური კურორტი საირმე მდებარეობს ბაღდათის რაიონში, სამხრეთით ქალაქ ქუთაისიდან, ზღვის დონიდან 950 მ-ზე. კურორტი ცნობილია არა მარტო წიწვოვანი, ფოთლოვანი ტყეებითა და მთის კლიმატით, არამედ სამკურნალო, მინერალური და თერმული წყლებით. მინერალური წყლებით მკურნალობა იძლევა შესანიშნავ შედეგს როგორც ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ქრონიკული ანთების მკურნალობისას, ასევე შარდ-კენჭოვანის, შარდსაწვეთის, შარდის ბუშტის და ურეთრის მკურნალობის დროს.

სურამი


მთის კურორტი სურამი მდებარეობს ლიხის ქედის ძირში, რომელიც ჰყოფს საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად. სურამი არის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან ახლოს. სურამის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს კვარცი, რომელსაც აქვს სამკურნალო თვისებები.

სურამის კლიმატი ზომიერად კონტინენტალურია, ის ჯანსაღად მოქმედებს მათზე, ვისაც აწუხებს გულისა და ფილტვების დაავადებები. ეს ეხება როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილებს. სურამის მშრალი ჰაერი, რომელიც გაჯერებულია მზის სითბოთი და ფიჭვის სუნით, თითქოს სპეციალურად შექმნილა ფილტვების გასაწმენდათ.

სურამის ღირსება არ განისაზღვრება მხოლოდ მისი კლიმატით. სურამის ცენტრში არსებობს მინერალური ჰიდრო-კარბონატულ-გოგირდიან-კალციუმ-ნატრიუმიანი წყლები. მინერალური წყალი გამოიყენება სახსრების ქრონიკული დაავადებების, აგრეთვე პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის, გულსისხლძარღვთა სისტემისა და ნერვული სისტემის ფუნქციურ დაავადებათა მკურნალობის დროს. სურამში მოწყობილია ე.წ. "რკინის წყლის" პავილიონი, რომელსაც ასეულობით ტურისტი სტუმრობს.

ურეკი


ურეკი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 4 მ. ურეკის ჰავა არის ნესტიანი, სუბტროპიკული. სანაპირო გამორჩეულია მაგნიტური თვისებების მქონე ქვიშით, რომელიც სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, პერიფერიული ორგანოებისა და საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების სამკურნალოდ.

ბათუმიდან 50 კმ-ზე მდებარე შავი ზღვისპირა კურორტი-ურეკი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი ტურისტებისთვის. მაგნიტური თვისებების მქონე რბილი "ხავერდოვანი" ქვიშა ხელს უწყობს კურორტს იყოს საუკეთესო ადგილი როგორც სამკურნალოდ, ასევე დასასვენებლად. მაგნიტური ველის გამაჯანსაღებელი თვისება ოდიდგანვეა ცნობილი, თანამედროვე მედიცინაში ასეთ მკურნალობას მაგნიტურ თერაპიას უწოდებენ. თუმცა, არსებობს უკუჩვენებებიც: არ არის რეკომენდირებული დასვენება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთათვის, სისხლის დაავადების, ასთმითა და ტუბერკულოზით დაავადებულთათვის.

ურეკის გეოგრაფიული მდგომარეობა, ამინდის ფორმირების პირობები და თბილ შავ ზღვასთან სიახლოვე ხელს უწყობს ურეკის რაიონში ტენიანი სუბტროპიკული კლიმატის ფორმირებას.

ურეკი საუკეთესო ადგილია უმცროსი და საშუალო ასაკის ბავშვიანი ოჯახებისათვის.

წაღვერი


მაღალმთიანი ბალნეო-კლიმატური კურორტი წაღვერი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 1020-1130 მეტრის სიმაღლეზე, 14 კმ დაშორებით ბორჯომიდან. კურორტი ყველა მხრიდან გარშემოტყმულია მთის ფერდობებით, ტყეებით, რაც განაპირობებს ქარისგან დაცვას. წაღვერს ახასიათებს რბილი, ზომიერად ტენიანი კლიმატი.

წაღვერის სამკურნალო მინერალური წყლები წარმოდგენილია ერთი ბუნებრივი მინერალური წყაროთი და რამდენიმე ჭაბურღილით. ეს მინერალური წყლები შეიცავს რკინას, მაგნიუმს, კალციუმსა და ნატრიუმს. გამოიყენება საჭმლის მომნელებელი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებისას, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთების მკურნალობისას, დიაბეტის, ღვიძლის და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებების მკურნალობის დროს.

საუკეთესო სეზონი - 15 მაისიდან 1 ოქტომბრამდე.

წყალტუბო


კურორტი წყალტუბო მდებარეობს საქართველოს დასავლეთ ნაწილში, ქუთაისიდან 9 კმ დაშორებით. წყალტუბოს სამკურნალო წყალი სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისათვის. თანამედროვე დანადგარები გვთავაზობენ მკურნალობის ახალ ახალ შესაძლებლობებს პროფილაქტიკისა და ორგანიზმის ტონუსის ასამაღლებლად. აქ გამოიყენება აბანოებში წყლის შემოდინება-გადინების განსაკუთრებული ტექნიკა, რის გამოც წყალი მუდმივად მიეწოდება აბაზანაში და წყლის მთელი პროცედურის განმავლობაში რჩება ერთნაირი. მინერალურ წყალში ყველა ინგრედიენტები არის ქვედა დასაშვები ზღვარის ფარგლებს ქვემოთ. წყალტუბოში არის უნიკალური კარსტული მღვიმეები, რომელთა მიკროკლიმატი ძალიან სასარგებლოა რადიკულიტის, ასთმის, მაღალი წნევის, ნერვული და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

წყალტუბოში საკურორტო მკურნალობის ჩვენებები:

  • კუნთოვანი სისტემის დაავადებები;
  • სისხლძარღვთა სისტემი დაავადებები;
  • ნერვული სისტემის დაავადებები;
  • ქალის სასქესო ორგანოების (მათ შორის უშვილობა) დაავადებები;
  • კანის დაავადებები.

საკურორტო მკურნალობის ხანგრძლივობა რეკომენდებულია 14-დან 21 დღის განმავლობაში.

შოვი


ბალნეოკლიმატური კურორტი შოვი, რომელიც მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში 147 კმ დაშორებით ქუთაისიდან, ითვლება ყველაზე მაღალმთიან კურორტად საქართველოში (1600 მ ზღვის დონიდან). გარშემორტყმულია მთავარი კავკასიონის ქედის მწვერვალებით, კურორტი ცნობილია თავისი ფიჭვის ტყეებითა და მინერალური წყლებით. ზამთარი ზომიერად რბილია და თოვლიანი, ზაფხული ზომიერად თბილი. აქ არის აბსოლუტურად სუფთა ჰაერი.

თერაპიულ ეფექტს ახდენს ადგილობრივი კლიმატი და მინერალური წყლები, რაც დიდი რაოდენობით არის მდინარეების ჩანჩახისა და ბუბასა ხეობებებში. მინერალური წყალი გამოიყენება სამედიცინო მიზნით. აქ მკურნალობენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, ლიმფოდენიტი, ნაღვლისა და შარდის ბუშტის ანთება, კუჭ–ნაწლავის სისტემის პრობლემები, ანემია და სხვა.

საუკეთესო სეზონია - ივნისიდან ოქტომბრამდე.